(რეზონანსი) ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი 20-21 ივნისს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შვილმკვდარი ოჯახები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
"პატრიოტული გრძნობებით ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილეთ სულ სხვა სურათი. მათ ამოეფარნენ „ნაციონალები" და ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი წადილი აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლება დაამხონ, გადაატრიალონ და მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში. მათ ეს ხალხი შეატოვეს სპეცრაზმს, პოლიციასაც და თვითონ სადღაც გაქრნენ. ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ გადატრიალებაზე, ისინი ედგნენ სათავეში იმ არეულობას, რომელსაც იქ ვხედავდით", - ამბობს მეტრეველი.
მეტრეველი ეჭვობს, რომ აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ სპეცრაზმში. ია მეტრეველის თქმით, ამ ვარაუდს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებიც უმტკიცებს.
„რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც ხდება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად მძიმეა ამ ყველაფრის ხილვა. სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზონდერები არიან შემორჩენილები. ასე მგონია მე და ამას დაადგენს გამოძიება, ესენი არიან სწორედ ის ზონდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმში იყვნენ.
სააკაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი იმ სპეცრაზმელთან. თვითონა ამბობდა მე ვესაუბრე და ვუთხარი ხალხის გვერდით დამდგარიყვნენო. დადასტურდა ეს იმით, რომ რამდენიმე მათგანი ნამდვილად დამიზნებით ესროდა მოქალაქეებს და ეს არის გამოსაძიებელი",- დასძინა მეტრეველმა.