(რეზონანსი) პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სცენა და აპარატურა წაიღეს. ამის გამო ადგილზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს უკან დააბრუნოს სცენა, ჯებირები და აპატარატურა. "გონს მოეგეთ, თორემ კიდევ უფრო მტკიცე პროტესტს მიიღებს,"- თქვა ხოშტარიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტთან დემონსტრაცია დღეს საღამოს ისევ გაიმართება. ისინი შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.
მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც აქციის დარბევისას ძალას გადაამეტეს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.