საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს და ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
"ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა. კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს ახალი პრინციპების გათვალისწინებით.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა "გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა".
"დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას",- აცხადებს კვირიკაშვილი.