რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში, ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება. მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას 12 სამართალდამცველი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში" რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში". 11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა "ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში". „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4 - „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში". 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა" და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში". თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში", „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში", „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა" და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში".

სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის, მათ შორის 80 სამართალდამცველისჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათგან 185-მა პაციენტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს და მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის. ასევე, ცენტრი პერიოდულად უზრუნველყოფს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×