რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) გუშინ ღამეს დეკანოზი მამა შალვა კეკელია ქაშუეთის წინ მომიტენგეებსა და სპეცრაზმელებს შორის იდგა. მოძღვარი ცდილობდა, დაძაბულობისკენ მომართული სიტუაცია განემუხტა.

როგორც, სასულიერო პირი, „პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნავს, თავდაპირველად ეს მან მოახერხა.

მამა შალვა: - მე შვიდი ნოემბრის ღამესაც აქციაზე ვიყავი და 26 მაისის ღამესაც. ჩემთვის ძალიან რთული ღამე იყო. მეგონა აქცია დაიშალა, მაგრამ ღამის ორ საათზე დამირეკეს და გავიგე ამ დარბევის შესახებ. იმ წუთას გავიქეცი და ჩავდექი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ეს მოძღვრების მოვალეობაა. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური მხარის გულშემატკივარი. მე ჩემი ქვეყნისა და ქრისტეს მხარეს ვარ. ქრისტეს მხედარი ვარ და ვიქნები ყოველთვის. ჩემს გარდა რამდენიმე მოძღვარი იყო იქ. თავიდან რომ მივედი, შევძელი და ერთი 100 მეტრით გავწიე ხალხი უკან. შევძელი სიტუაციის დამშვიდება. ახალგაზრდებს ვთხოვე და უკან დაიხიეს.

პოლიციელებმაც შეწყვიტეს სროლა. მაგრამ პროვოკაციულმა ძალებმა ისევ დაიწყეს სროლა და დაძაბეს სიტუაცია. მერე გაზში მეც ცუდად გავხდი. ღვთის ნებით არ მოვწამლულვარ, თუმცა საათნახევრის მერე ფიზიკურად ვეღარ გავძელი. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მტერი ჩამოიყვანო და ხალხი ამხელა პროვოკაციაზე წამოიკიდო, ძალიან ცუდი საქციელია. ჩემთვის მიუღებელია იმ ხალხის საქციელიც, რომელიც პოლიციას ურტყამდა. ჩემსკენაც ორჯერ გამოიქნიეს ქვა და ამცდა. არ შეიძლება ადამიანები ასეთი აგრესიით ექცეოდნენ ერთმანეთს. სახეში ტყვიის სროლა შეგნებით ხდებოდა. როგორ შეიძლება სახეში ესროლო? მიუღებელია ისევე, როგორც მიუღებელია სპეცრაზმელისთვის თავში ქვის სროლა. ამიტომაც ვიდექი შუაში.

შენი პოზიცია უნდა გამოხატო, მოქალაქე ხარ და ვალდებული ხარ, მაგრამ პარლამენტში შევარდნა მიუღებელია ჩემთვის. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ოპოზიციის მონაწილეებმა ხალხი მიატოვეს და გაიქცნენ. იქ გვიან ხალხში არც ერთი აღარ იდგა. მოკლედ, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ძალინ დიდი შეცდომა იყო სახელმწიფოს მხრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×