რეზონანსი
21.06.2019

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, წუხელ განვითარებული პროცესების შემდეგ კლინიკებში სულ 240 დაშავებული შეიყვანეს. მათგან 80-მდე პოლიციელია.

თალაკვაძის თქმით, პაციენტების უმრავლესობა სახლშია გაწერილი. ამ დროისთვის სტაციონარებში 102 დაშავებული რჩება. მათგან 18 პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალშია", რომელთაგან 2-ს თვალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას განცხადებით, საავადმყოფოში სულ 24 პაციენტი შევიდა. 6 უკვე გაწერილია ბინაზე. დღეს შესაძლოა კიდევ ოთხი გაწერონ.

მისივე თქმით, 9 პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ძირითადად აღინიშნებოდა ყბა-სახის და რბილი ქსოვილის დაზიანებები.

გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×