გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა.
„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის" დირექტორი იყო.
საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა.