,,ევროპული საქართველოს" წევრები სახელმწიფო კანცელარიასთან აქციაზე მივიდნენ.
,,ეს არის ყველგან და ყველასგან დაჩაგრული ჯგუფი და იმის მაგივრად, რომ ეკლესია მათ გვერდით იდგეს, ის ხალხს ასეთი საქციელისთვის აქეზებს" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, კანცელარიასთან მიმდინარე დაძაბულობაზე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
,,დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.
ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა"- ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა ყვითელი ავტობუსები იმისათვის, რომ „თბილისი პრაიდის" აქციის წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის" დაანონსებულ აქციამდე ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და აქტივისტები აქციის ჩასაშლელად მივიდნენ. ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, უკვე დაკავებულია კონტრაქციის 8 მონაწილე.