(რეზონანსი) ახმეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პირების მოტოციკლები პიკაპის მარკის მანქანაში იყო განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ავარიის, შედეგად სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.
„მოტოციკლის მოყვარულები ყოფილან, სავარაუდოდ. პიკაპის მარკის მანქანაზე დებულა ეს მოტოციკლები. პიკაპის პარკის მანქანა იყო, რომელიც გადავარდა. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, უცხოელები არიან.
საგანგებოდან შემოვიდა ინფორმაცია მომხდარი შემთხვევის შესახებ. დაზუსტებით არაფერი ვიცით, რადგან ჯერ კიდევ გზაში არიან მუნიციპალიტეტისა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. საგანგებოდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები", - განაცხადა ნასყიდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".