(რეზონანსი) 2016 წელს ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ხაბელაშვილი საქმის გადახედვას ითხოვს. უვადო პატიმრობაში მყოფი 29 წლის ხაბელაშვილი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.
აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახისთვის. სანამ მათ პოზიციას გაგაცნობთ, გაგახსენებთ, რომ 43 წლის ნონა რომანაძე და მისი 3 წლის ქალიშვილი - მარიამ მამფორია ფონიჭალაში 2016 წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელმა ნონა რამინაძეს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, 3 წლის ბავშვს კი იგივე დანა 16-ჯერ ჩაარტყა, ხოლო ცხედარი დაწვა. ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში კარგად ჩანს შემთხვევის ადგილი. კადრები იმდენად მძიმე სანახავია, რომ ჩვენ ყველა მათგანის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ.
დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, თუმცა იგი ირწმუნება, რომ აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა. საგულისხმოა, რომ მისი გენეტიკური პროფილი (დნმ) ემთხვევა მკვლელობის იარაღიდან აღებულ ნიმუშს. ხაბელაშვილი წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო ნასამართლევი.
დეტალური ინფორმაცია დანაშაულის მოტივის შესახებ ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული ანგარების მოტივით იყო ჩადენილი, ვინაიდან ბრალდებულს ბინაში რამდენიმე ათასი დოლარი ეგულებოდა, მაგრამ მისი წაღება ვერ მოახერხა, თუმცა წაიღო ოქროს ნივთები. თბილისის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღეს ნონა რამინაძის კუთვნილი ოქროულობა, რომელიც გიორგი ხაბელაშვილმა მკვლელობიდან მეორე დღეს ჩააბარა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან ცნობილი ხდება ისიც, რომ ხაბელაშვილი ლომბარდიდან აღებული ფულით ქობულეთში ნონა რამანაძისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვაზე ჩავიდა.
„ჩვენც გავიგეთ, რომ დანაშაულს არ აღიარებს და თითქოს საქმის გადახედვას ითხოვს, მაგრამ ყველა მტკიცებულება და ყველა სამხილი მის დანაშაულზე მიუთითებს. პროკურორმა მითხრა, თავის დროზე მაგ ადამიანმა ჩვენება კი არ მომცა, პრაქტიკულად აღსარება ჩამაბარაო. იმდენად დეტალურად მოყვა ყველა წვრილმანი გამორიცხულია, სხვას ჩაედინა ეს დანაშაული. ვინმე თანამზრახველი რომ ჰყოლოდა, იმასაც იტყოდა. ბავშვზე რომ კითხეს, მთლიანად აცახცახდა და ტირილი დაიწყოო - მითხრა პროკურორმა. ნონას ჯერ მუშტი ჩაარტყა, შემდეგ ვაზა, შემდეგ სკამი და მაინც რომ ვერ მოკლა, უკვე სამზარეულოს დანით მოუსწრაფა სიცოცხლე. ამის შემსწრე ბავშვი კარისკენ გაიქცა, მაგრამ დაიჭირა და ისიც ჯერ დანით დაჩეხა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა", - ხათუნა თხილაიშვილი, ნონა რომანაძის დეიდაშვილი



წყარო: პრაიმტაიმი