რეზონანსი
13.06.2019

  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამსახიობო სააგენტო Askonas Holt საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს წერილს უგზავნის.

საქმე ეხება მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის და ფონდ „იავნანას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

„ბატონო შალვა, მოგმართავთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო სააგენტოს Askonas Holt-ის ხელმძღვანელი, 1983 წლიდან ჩვენი გაერთიანების წევრი არტისტის, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით.

2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ, ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო "შავი პიარის" ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი.

გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით; ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა. მისი დისკრედიტაციისთვის ასევე, გამოყენებული იქნა wikipedia. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი სააგენტო ათეული წლების მანძილზე ხელს უწყობდა პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტების გამართვაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად. ამჟამად, ეს საქველმოქმედო აქციები შეჩერებულია და არც ერთი არტისტი აღარ გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოსა და უცხოეთში ელოდება თქვენგან ინფორმაციას და პასუხს კითხვებზე:

ა) აღმოჩენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული საქველმოქმედო ფონდ „იავნანა"-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში;

ბ) მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანა"-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში და თუ მიუძღვის რაში გამოიხატება იგი;

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არანაირი დანაშაულის კვალი არ არის აღმოჩენილი (ფაქტი ოფიციალურად ცნობილი არ არის), მაგრამ ჩვენი გაერთიანების წევრს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, არ ეძლევა თავისი საქმიანობის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა.

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, რათა შევძლოთ ინფორმაციის მიწოდება იმ თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების დირექციებისთვის, რომელთაც ბატონი პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობა უკავშირდება.

მარკ ჰილდრუ Askonas Holt -ის აღმასრულებელი დირექტორი",- ნათქვამია თადუმაძისთვის გაგზავნილ წერილში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×