(რეზონანსი) ქართველი მეზღვაური ომანის ყურეში მომხდარი თავდასხმისას სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ცეცხლი რამდენიმე ტანკერს ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა.
შემთხვევის დროს ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმელეთზე გადაყვანა დროულად მოხერხდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"შემოსული ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე არ ფიქსირდება არც ერთი ქართველი მეზღვაური. რაც შეეხება მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემს, იქ ფიქსირდება ერთი ქართველი მეზღვაური, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად უკვე სასტუმროში გადაჰყავთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ოჯახთან და დამსაქმებელ კომპანიასთან", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.