თამარ შუკვანი
13.06.2019

 „აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობა გაღრმავდება, რაც ძალიან ცუდია - "ეს-400"-ის თემამ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემა შექმნა. ნატო-ს წევრებს შორის ერთგვარი განხეთქილება წამოვიდა, რასაც რეალურად პუტინმა მიაღწია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თურქეთის გადაწყვეტილებას, რუსეთისგან „ეს-400" ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ საუბრისას.

მიუხედავად აშშ-ს ულტიმატუმისა, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები უკვე შეიძინა. ამის შესახებ განცხადება, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მე არ ვამბობ, რომ თურქეთი შეიძენს "ეს-400"-ს. მე ვამბობს, რომ თურქეთმა ეს შეიარაღება უკვე შეიძინა და ეს დამთავრებული ამბავია. "ეს-400"-ებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ," - განაცხადა ერდოღანმა.

ალადაშვილის განცხადებით, ნატო-ს წევრ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბება. მისი თმით, ვაშინგტონს ანკარაზე ზემოქმედებისათვის სერიოზული პოლიტიკური ბერკეტები გააჩნია.

„თურქეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, - „ეს-400"-ები შესყიდულია და ივლისში თურქეთში იქნება ჩატანილი. ეს, რა თქმა უნდა ურთიერთობას ამერიკულ მხარესთან დაძაბავს, რაც პირველ რიგში, თურქეთისთვის „ეფ-35"-ების გადაცემას შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს გარკვეული თანხა წინასწარ თვითმფრინავების შესაძენად შეტანილი აქვს.

„ამერიკას ანკარაზე ზემოქმედებისათვის პოლიტიკური ბერკეტები გააჩნია; შეაჩერებს „ეფ-35-ების" პილოტების მომზადებას, შეიძლება მათი გადაცემაც კი შეაჩეროს, - ოთხი თვითმფრინავი მზად არის. გარდა ამისა, თურქეთში დეტალების ნაწილების კეთება მიმდინარეობს, რაც ასევე შესაძლოა შეჩერდეს," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ორი ქვეყნის დაძაბული ურთიერთობა საქართველოზე უარყოფით გავლენას იქონიებს, რადგან თურქეთი განიხილებოდა, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

„ერთობლივ სამხედრო-პოლიტიკურ პროგრამებში, რაც არსებობს, შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს, რაც საქართველოსთვის არ არის კარგი, რადგან თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი შავი ზღვის აკვატორიაში განხილებოდა ერთ-ერთი საქართველოს მხარდამჭერი.

„ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბება, ან ომი დაიწყება, მაგრამ ურთიერთობა გაფუჭდა, რაც ცუდია, - ნატო-ში, სადაც საქართველო მიისწრაფვის, ეს პრობლემები გაჩნდა," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ცნობისათვის, მანამდე აშშ-მა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და 31 ივლისამდე რუსეთისგან ეს-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ „ეფ-35"-ის წარმოებაში მონაწილეობას და მათ ყიდვას აუკრძალავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×