აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მინიმალური სტაბილიზაცია შეინიშნება. პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, იგი გადაყვანილია ნარკოზული ძილის მდგომარეობაში.
"ამ დროისთვის, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, მიმდინარეობს დაცვითი სედაცია, დღეს დამატებით რაიმე გართულება არ ყოფილა. გრძელდება მკურნალობა, დამატებითი ჩარევა პაციენტს დღეს არ დასჭირებია“, - განაცხადა კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის მორიგე რეანიმატოლოგმა მარინა მარიამიძემ.
პაციენტს სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიყენებული 13 დაზიანება აღნიშნება, რომელთაგან უმრავლესობა გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში შემავალი ჭრილობებია. მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი, ფილტვები, რამდენიმე ადგილზე - ნაწლავები.
(აიპიენი)