(რეზონანსი) მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს" დედა მაია ქაჩრიშვილი აკეთებს.
როსტოშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 3 კვირის წინ გათავისუფლდა.
„ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვაზე ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ 3 წელზე ჩამოუყვანა. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს იყო მხოლოდ გადამტანი. გროვდებოდა საცეკვაო ნივთიერება, რომელსაც ელექტონული მუსიკის ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში იყენებენ და სვამენ, რომ ალკოჰოლი არ მიიღონ. მე რა თქმა უნდა, მას არ ვამართლებ, თუმცა, ის ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა, მთელი ცხოვრება სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, ალკოჰოლური სასმელიდანაც მხოლოდ ღვინო უყვარდა. მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, საზოგადოებაშიც უყვართ.
ვის გაუხარდა მისი დაკავება, არ ვიცი და ვისაც გაუხარდა, კარგად იყოს. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ambebi.ge-ზე რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და გაოცებული ვარ პირდაპირ! ადამიანებს რა ღვარძლი აქვთ ასეთი! როსტოს არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ლევან როსტოშვილის დედამ.
როსტოშვილი 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ასევე, მსახიობი ლაშა კურტანიძე. მათ 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.
2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.