(რეზონანსი) მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ წევრს, ოთარ კახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
ქვარაიამ კახიძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზებას ეხებოდა.
დეპუტატის თქმით, ის თავად აკვირდებოდა მთაწმინდის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესს და აღნიშნა, რომ "ეს იყო ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები".
ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ესეც არ არის სწორი, მით უფრო ოთარ კახიძისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს იმ წლებში როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი", - განაცხადა ქვარაიამ.