
სოფელ ბეჩოში 7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 23 წლის ვაჟიკო ჟორჟოლიანი და 24 წლის ამო გვიდანი. ვაჟიკოს ორსული მეუღლე დარჩა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ბეჩოში ამო გვიდანის საცოლის სანახავად იყვნენ წასულები.
"მთაში მეგობრებთან ერთად გართობა უყვარდათ. ფაქტობრივად მათ მთელი სვანეთი იცნობდა. ის, რაც ახლა სვანეთში ხდება, ვერ აღვწერ. ყველა ტირის ქალი, კაცი… ტრაგედია ტრიალებს. ვაჟიკო ერთი წლის წინ დაოჯახდა. ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი ჰქონდა. ორსული მეუღლე დარჩა. ახლა უწევს მშობიარობა, თბილისშია ამის გამო წასული. ეს საშინელი ამბავი იქ გაიგო.
ტრაგედიის დღეს, ამოს საცოლის სანახავდ იყვნენ ბეჩოში წასულები. მალე დაოჯახებას აპირებდა. როდესაც იქიდან ბრუნდებოდნენ, კლდეზე გამავალ ბილიკზე, უკუნით ღამეში ძლიერი წვიმის და დაბალი ხილვადობის გამო მძღოლმა მოსახვევი ვერ დაინახა და პირდაპირ მდინარეში გადავარდა.
იმ ღამიდან მოყოლებული მშობლებმა მათი ძებნა დაიწყეს, რადგან ტელეფონზე უკვე ვეღარ უკავშირდებოდნენ. მეორე დღეს, შუადღისკენ გაიგეს, რაც მოხდა. ის, რომ ბიჭები მდინარეში გადაიჩეხნენ, პირველებმა ბეჩოში მცხოვრებლებმა შეიტყვეს. მანქანის სანომრე ნიშანი გადავარდნის ადგილას ეგდო და სწორედ ამით მიხვდენენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
(ამბები.ჯი)