მოხუცი ცოლ-ქმრის მკვლელობის უკან შესაძლოა ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი იდგეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ მეტსახელით იცნობენ. გარდაბანში 77 წლის ქალი და მისი 84 წლის მეუღლე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 7 ივნისს მოკლეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობის ადგილზე თავდამსხმელებმა წარწერა დატოვეს - „მალე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.
ეს შეტყობინება, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვაჟს ეკუთვნის, რომელიც მეზობლების გადმოცემით, რუსეთში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ასაკოვანი წყვილის მკვლელობის მოტივი სწორედ შვილის მიმართ შურიძიება იყო.
როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, ზუსტად ერთი წლის წინ, სალიფოვების გარემოცვამ დაახლოებით მსგავსი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა ვინმე ჯამბულა (ჯაბა) ალიხალილ ოღლისაც, რომლის მძახალის, ზაზა ბაირამოვის კუთვნილი ავტომობილი 2018 წლის 16 მაისს დიღმის მასივში ააფეთქეს. აფეთქებიდან ერთ საათში კი ჯამბულა ალიხალილ ოღლიმ მობილურ ტელეფონზე მიიღო შემდეგი სახის სმს – „შემდეგი შენ იქნები.“
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში აჯიხალილ ოღლიმ განაცხადა, სმს მას უცხოური ნომრიდან მისწერეს და ქურდული გარჩევის მიზნით სტამბოლში სალიფოვებთან ჩასვლას სთხოვდნენ. თავად, დაზარალებულმა ზაზა ბაირამოვმა კი გვითხრა:
„მე ყოფილი პოლიციელი ვარ. „კანონიერ ქურდებს“ ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და მე ვერც ვერავინ დამიბარებდა ქურდულ გარჩევაზე. ეს მესიჯი მიიღო ჩემმა მძახალმა ჯაბამ (ჯამბურა აჯიხალილ ოღლი), რომელსაც ჩემი ავტომობილის დაწვიდან ზუსტად ერთ საათში მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება – „შემდეგი შენ იქნები“. სავარაუდოდ, ეს იყო გაფრთხილება მის მიმართ“, - განაცხადა
დმანისში დაბადებული ძმები სალიფოვები საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო პერიოდში ქურდულ სამყაროში სალიფოვების აზერბაიჯანული კლანის გავლენები საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი პატიმრობიდან აზერბაიჯანის ციხე „ლოტი გულიმ“ დატოვა. შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ კი მას „ბოსების ბოსობასაც“ უწინასწარმეტყველებდნენ.
ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ სახელმა გაიჟღერა გასული წლის 12 სექტემბერს, აბანოთუბანში რესტორან „მასპინძელოსთან“ მომხდარი მკვლელობის საქმეშიც. „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელი, 42 წლის ელშან მამედოვი ჩაცხრილეს.
აღსანიშნავია, რომ ნადირ სალიფოვს საქართველოში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებზე დღესაც სერიოზული გავლენები აქვს, კერძოდ, გარდაბანში, მარნეულსა და დმანისში.