(რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და არ დამალა, რომ ხმა „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მისცა.
„მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა. რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი, მათ უნდა ჰქონდეთ პოლიტკური მომავალი. თუ ეს ასე არ მოხდება პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას და თავის აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან შალვა მმართველი გუნდუის მიერ შალვა შავგულიძის მიმართ წარმოებულ კამპანიას ბინძური უწოდა.
„იმედი მაქვს, მთაწმინდის ამომრჩეველი პასუხს გასცემს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის წინააღმდეგ წარმოებდა", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
კითხვაზე - აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მარგველაშვილმა იქვე უპასუხა:
„დღეს მე დავაფიქსირე ჩემი არჩევანი. ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა არის საარჩევნო უბანზე მისვლა".