(რეზონანსი) აქ აკუსტიკა გვაქვს ისეთი, რომ ნებისმიერ როკ-ჯგუფს შეშურდება, - ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დეპუტატებს სხდომის დაწყებამადე და სიჩუმისკენ მოუწოდა.
ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მოუსმენენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, მინისტრის მიმართ დასასმელი ძალიან ბევრი კითხვა გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრის საჭიროებას ქმნის.
„არ ვიცი, რამდენად დარჩება კომიტეტზე დრო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მოსასმენად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით - მაღაროელების საკითხი, პანკისი თავისთავად დღის წესრიგში იყო, ფოთის პორტი. ეს საკითხები იმდენ დროს წაიღებს, მით უმეტეს, ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითადად, კამერაზე მუშაობენ და არა სიმართლის გაგებაზე. ვფიქრობ, თურნავასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ იქნება საჭირო", - განაცხადა რომან კაკულიამ.
თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.