(რეზონანსი) „ლილო სითის" მფლობელი ლაურა ღაჭავა ამ წუთებში ადგილზე იმყოფება. დამწვარი ბაზრის დათვალიერება სურს, თუმცა ამ დრომდე არ უშვებენ.
ლაურა ღაჭავა უკვე ფიქრობს, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.
„სადაც ცეცხლი წარმოიქმნა იქ, არც შუქი ყოფილა და არც არაფერი. ეჭვი მეპარება უკვე რაღაცებში. საწყობში გაჩნდა ცეცხლიო. უკვე ეჭვი მაქვს, რომ ვინმემ რამე ხომ არ შეაგდო. ძალიან ბევრი მტერი მყავს, მაგრამ ვინ გააკეთა ვერ ვიტყვი", - აცხადებს ლაურა ღაჭავა.
ლაურა ღაჭავა გუშინ ცეცხლის განგებ გაჩენის ფაქტს გამორიცხავდა.
დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. მოვაჭრეებს ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ.
ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი გუშინ, საღამოს გაჩნდა. ადგილზე 14 სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.