ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა მერიისა და მონპლაზიერის მიმდებარედ მოწოდების პოსტერები გააკრეს წარწერით #ნანაწადი. პოსტერზე ასევე დატანილია სალომე ბარკერის დისა და მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროს ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადებები. ასევე პოსტერზე მითითებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლი.
აქტივისტების თქმით, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას მანამდე გააგრძელებენ, სანამ კოსტავა საკრებულოდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"როგორც დავაანონსეთ, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას ვაგრძელებთ. #ნანაწადი ამ მოწოდებით უკვე გავაკარით პლაკატები. ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. ქალბატონო ნანა თქვენს წასვლას საკრებულოდან ნუ გაწელავთ დროში. რაც დროულად მიიღებთ გადაწყვეტილებას მით მალე დასრულდება ჩვენი მხრიდან თქვენი როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა", - ამბობს აქტივისტი გვანცა თოთაძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა 30 მაისს დაიწყეს აქციები მოწოდებით "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე". ამ დრომდე მათ ჩაატარეს 3 აქცია და შეხვდნენ საკრებულოს წევრებს, რომლებსაც ნანა კოსტავას განცხადებაზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების" წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, თუმცა ის საკრებულოს წევრად აგრძელებს მუშაობს.