რეზონანსი
05.06.2019

 

(რეზონანსი)თბილისის ცენტრში ქიქოძის 6 ნომერში სახლის აივნის ნაწილი ჩამოინგრა. სახლი კერძო საკუთრებაა, თუმცა კულტურის ძეგლს წარმოადგენს. ამ ქუჩაზე მცხოვრები, მოქალაქე ალექსანდრე ამირანაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია ითხოვს ამ საცხოვრებელი სახლის აღდგენას, ამ თხოვნით არაერთხელ მიმართა მერიას თუ სხვა შესაბამის უწყებებს, რასაც შედეგი არ გამოუღია.

საბოლოოდ კი აივნის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ამირანაშვილი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი აივანი მთლიანად ჩამოინგრევა, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, შესაძლოა ადამიანიც კი ემსხვერპლოს.

"ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს, მისახედია ეს აივანი. მივმართე მერიის გამგეობას, ინფრასტრუქტურის ფონდს, არქიტექტურის სამსახურს, რეალურად პასუხი არავინ გამცა. განმიცხადეს, რომ ამაზე თანხები უნდა იყოს გამოყოფილი.

ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რამდენჯერ დავრეკე და არანაირი რეაქცია. დღეს აივნის მცირე ნაწილი ჩამოინგრა. ეს რომ სერიოზულად ჩამოინგრეს, ვიღაცას მოკლავს. იქვე არის სკოლა, ამასთანავე იქ უამრავი ტურისტი დადის", - განაცხადა ალექსანდრე ამირანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×