რეზონანსი
04.06.2019

 

CAT-ის გამოცდების მოხსნის შემდეგ ატესტატის აღება შესაძლოა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე განმარტავს, ატესტატებს უფასოდ ის პირებიც აიღებენ, რომლებმაც სკოლა წლების წინ დაამთავრეს, თუმცა CAT-ის გამოცდების ჩაუბარებლობის გამო ატესტატი ვერ აიღეს.

როგორც აბულაძე ამბობს, მომსახურება ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პირი ატესტატის ასაღებად იუსტიციის სახლს განმეორებით მიმართავს.

"CAT-ის გამოცდების მოხსნის შემდეგ გახდა საჭიროება რომ გადაიხედოს ატესტატის გაცემის პროცედურები. ახლა ატესტატის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის დადებითად შეფასებული 12 კლასის ჩათვლით, ყველა დონეზე. რაც შეეხება ფასიან მომსახურებას, ეს მომსახურება დაწესებული ჰქონდათ იუსტიციის სახლებს, დუბლიკატის აღების შემთხვევაში. ჩვენ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და ვთხოვეთ, რომ იმ მოსწავლეებს, ვისაც არ მიუმართავს ჯერ ატესტატის ასაღებად, მომსახურება იყოს უფასო. ეს სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ დამტკიცდება,"-განაცხად აბულაძემ.

ატესტატი იუსტიციის სახლების მიერ ივნისის ბოლოდან გაიცემა. მათ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×