(რეზონანსი) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის თავისუფალია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ და აღნიშნა, რომ კონკრეტული დასკვნების გარდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ის, ვინც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფალია, რაზე რეაგირებაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„პრაქტიკულად, დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის არის თავისუფლებაზე. ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა აბსურდული და ვიტყოდი, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დონეზე. როგორც ჩანს, იმდენად მოერიდა სასამართლო იმ რისხვას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პრაქტიკულად, პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც დათო სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფლებაზეა და ამის შესახებ იცის ყველამ, კონკრეტული დასკვნებია დადებული და ეს უკვე დაადასტურა სასამართლოს მეორე ინსტანციამ. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ადამიანები დაისაჯონ და იზეიმოს მართლმსაჯულებამ", - განაცხადა კაპანაძემ.