(რეზონანსი) სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს განაჩენი ცნობილია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.
რაც შეეხება გ.ბ.-ს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაში დაზარალებულის მხარემ შეიტანა.
პირველმა ინსტანციამ ორივე მსჯავრდებულს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
ამასთან, 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.