მარიამ ბოლქვაძე
02.06.2019

 „დღეს, ვანელობის დღესასწაულზე, მე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები გალაკტიონის სახლ-მუზეუმთან, გემზე ვიმყოფებით. დიდი სანახაობაა. ჩემი სურვილი და ჩანაფიქრი განხორციელდა, გეზი შავი ზღვიდან ავიღეთ, დაახლოებით 60 კმ გამოვიარეთ და მისი მოგზაურობის 35 წლისთავზე, მოვედით იქ, სადაც ტიმ სევრინმა ღუზა ჩაუშვა. ეს გემი კი ბინას დაიდებს ქუთაისში, არგონავტიკის მუზეუმში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ყოფილმა პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძის თქმით, ის და მასთან მყოფი ადამიანები სამტრედიამდე ნავით მიცურდნენ. როგორც მან აღნიშნა, მდინარე რიონში რამდენიმე ადგილას პრობლემა შეექმნათ, თუმცა, დანიშნულების ადგილს მაინც მიაღწიეს. 

„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რიონში ცურვა იოლი საქმე არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გზის ორი მესამედი ჩვენ ამ ხომალდით გავიარეთ. ის, რაც ჩვენ შევძელით, ისტორიის გაცოცხლებაა.

„სკეპტიკოსებს ვეტყოდი - ნუ ხართ „ურწმუნო თომები“, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია და რა თქმა უნდა, თუ ირგვლივ კეთილი ხალხი აღმოჩნდება, ენთუზიაზმი რეალობად იქცევა. 

„მე დამხმარეები მყავდა. განსაკუთრებით დიდ მადლობას ჩემს სტუდენტებს გადავუხდი, რომლებმაც მუხლჩაუხრელად იშრომეს და ხომალდი ააგეს“, - თქვა ნიშნიანიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის საპორტო ქალაქად ქცევის იდეა დიდ ადამიანებს ჰქონდათ და მან, როგორც ისტორიკოსმა და პროფესორმა, მათი მოსაზრება, უბრალოდ, გააჟღერა. ჟურნალისტებმა კი ეს ნათქვამი შავი პიარის ასაგორებლად გამოიყენეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს იგი ქუთაისში პორტის აშენებას აპირებდა.

„მე ერთ რამეს გეტყვით და ამით დავამთავრებ - ჩვენ ვანში, ჭყვიშთან, უკვე ავაშენეთ პორტი, გემი და ხომალდი მოვიყვანეთ აქ, ამის შემდეგ კი, ქუთაისის ჯერია“, -განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×