პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდანის ხსენების დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში წელს განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდა ნინოს შემოსვლიდან 1 700 წელი გავიდა.
42-დღიანი ფეხით მსვლელობა ნინოწმინდის სოფელ ფოკადან ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, ღია ცის ქვეშ წირვა აღევლინება.
მსვლელობა 12 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან დასრულდება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვით მსვლელობა 30 წლის წინ ილია მეორემ დააწესა.
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: შემოსვლა-გაცნობის, დამკვიდრებისა და განმტკიცების.
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლითა და მისი ქადაგებით ქართველმა ერმა, ფაქტობრივად, გაიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება.
როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმიდა ნინომ ქართლში იქადაგა და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გამოცხადდა, ეს მეორე ეტაპი იყო. წმიდა ნინო რომ შემოვიდა, მაშინ ქართველებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობა რა იყო, თუნდაც დაწყებული ქრისტეს კვართიდან, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ანდრია პირველწოდებულის მიერ უკვე ნაქადაგები იყო ქრისტიანული და თემებიც კი არსებობდა. წმიდა ნინოს შემოსვლით კი მოხდა ქრისტიანობის დამკვიდრება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
მესამე ეტაპი კი ასურელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში მაზდეანობა ჭარბობდა და ქრისტიანებს სდევნიდნენ, ამ დროს ცამეტი ასურელი მამა მოვიდა, რათა სარწმუნოება განემტკიცებინათ.
წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. წმიდა ნინო კი ჩვენი ერის უდიდესი მფარველია.