რეზონანსი
31.05.2019

30 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი უდანაშულოდ ცნო. მას პროკურატურა ბრალად სდებდა ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპული გიორგის პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი აღშფოთებას ვერ მალავს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო:

"ქვეყანას, სადაც ასეთი ფარისევლობები ხდება, მე პირადად არასდროს დავუჭერ მხარს. ან იმას, კვირიკაშვილს რა ნამუსი აქვს? ნათქვამი მაქვს, როგორც კი მის უდანაშაულობას ბეჭედი დაესმება, მაშინ დაიწყება მისი უბედურება-მეთქი. ამათ ჰგონიათ, ასე იოლად გამოძვრებიან. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ღმერთი იოლად არავის პატიობს. რაც ახლა მოხდა და რაც ამათ გააკეთეს, ამის შემდეგ რომელ მორალზე, რომელ კანონზე და რომელ წესიერებაზე უნდა ილაპარაკო?

ბოდიში და, ეს არის გათახსირებულების ქვეყანა. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ პროცესებს გათახსირებულები მართავენ. ოჯახი განადგურდა, 5 წლის ბავშვი დარჩა უპატრონოდ და რა ნამუსით უნდა იაროს ამ მამაცხონებულმა ქუჩაში?!

ელემენტარული, ნამუსის ძარღვიც ხომ არსებობს? პირობით სასჯელს მაინც ველოდი, ბოლომდე არ მჯეროდა ასე სუფთად რომ გამოვიდოდა ეს თავხედი!

ესენი არიან ბინძური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის სიკვდილს ასეთი თვალით შეხედონ. აბსოლუტურად არაფრად გთვლიან და მე რატომ უნდა ჩავთვალო რამედ? ვერ წარმომიდგენია, ასეთი უსამართლო და მახინჯი სასამართლო სად შეიძლება კიდევ იყოს? სამი წელი გვაწამეს და შედეგი? - გაამართლეს, ბიჭი დამნაშავე არ ყოფილა...

ესენი დიდხანს არ დარჩებიან, მოვა სხვა მთავრობა და 10 წელიც რომ გავიდეს, ბრძოლას თავს არ დავანებებ. ამ თავხედმა და გაურკვეველმა პიროვნებამ უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია! თავს და ოჯახს აბუჩად არავის ავაგდებინებ!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" მალხაზ პაპასკირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×