(რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
საკითხს მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. საბჭომ ნანა კოსტავას ნაცვლად ახალ წევრად ანა შალიკიანი აირჩია.
"ნაციონალური მოძრაობა" კი მოითხოვს ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს. გიგა შუშანიამ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება გააპროტესტა და საგანგებო ბრიფინგი გამართა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დღეს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე", - ასეთი აღწერით გააზიარა ნანა კოსტავამ ფეისბუქზე სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.