(რეზონანსი) გენერალური პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციაზე მიმართავს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამუშიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდკობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
"2012 წლის 28 ივლისს, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით, ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება.
ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს ელბერდ კობერიძე. წამებისა დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე", - აცხადებს პროკურორი.
დღეს გაირკვა, რომ გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს.