„არსებობდა მოსაზრება და 90-იან წლებში საკმაოდ მყარიც იყო, რომ თურქეთი თუ ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოსთვის უფრო ადვილი იქნება ევროკავშირის წევრობა, მაგრამ თუკი გადავხედავთ დღეს ევროპაში არსებულ ვითარებას, ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ამ სცენარის აღსრულებას არ უნდა დაველოდოთ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ევროკომისიის წლიურ მოხსენებას, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
ევროკავშირის გაფართოებისა და კანდიდატ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ ევროკომისიამ ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთი ევროკავშირის საკვანძო პარტნიორად და კანდიდატ სახელმწიფოდ რჩება. ხოლო დიალოგი და თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, რაც ორივე მხარისთვის საინტერესოა. მათ შორის უმთავრეს საკითხს მიგრაცია წარმოადგენს, - ევროკავშირის მხრიდან ლტოლვილთა დახმარება.
კორნელი კაკაჩიას განცხადებით, თურქეთი დიდი ხანია ევროკავშირში შესვლას ცდილობს და მოლოდინი, რაც ორმხრივი დიალოგის ფონზე არსებობდა, სწორედ ევროკავშირის წევრობა გახლავთ.
„თურქეთი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია მოიაზრებოდა, როგორც კანდიდატი სახელმწიფო, ამ პროცესით გადაიღალა; თურქები ელოდებოდნენ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა, ამდენი თანამშრომლობისა და სხვადასხვა ფაზის შემდეგ, რომელმაც თურქეთმა ევროკავშირთან გაირა, საბოლოო ფინალი იქნებოდა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებოდა," - აღნიშნა მან.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება და მან კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების საკითხში პოზიციები სერიოზულად დათმო. ხოლო საკონსტიტუციო შესწორების შედეგად პოლიტიკურ სისტემაში ბალანსისა და ურთიერთკონტროლის ეფექტური სისტემა სერიოზულად შესუსტდა, რაც შედეგად დანარჩენი საკითხების განხილვას აზრს უკარგავს და მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად რჩება.
კაკაჩია იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე საუბრობს, რაც თურქეთის ევროკავშირში მიღებას სერიოზულად უშლის ხელს. იგი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„ვაწყდებით რამდენიმე სერიოზულ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის თავად ევროპის წევრი სახელმწიფოების პოზიციებს თურქეთთან მიმართებაში, მის როლთან დაკავშირებით და რამდენიმე პოტენციურ გამოწვევას ასახელებენ; მოსახლეობის პიკი რაოდენობა, სიღარიბე. იმისათვის, რომ იგი ევროკავშირის წევრი გახდეს, მოითხოვს უფრო მეტ ადგილს ევროპარლამენტში თავისი მოსახლეობიდან გამომიდინარე, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი.
„ევროკავშირში გადამწვეტის მიმღებისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან ეს მთლიანად არღვევს არსებულ ბალანს. დამატებით, ამდენი თურქი უმუშევარი ადამიანი, რომ ევროპას მიაწყდება, ისედაც ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მილიონობით არიან. შიდა პრობლემები, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს, ამის ფონზე კიდევ ერთი ასეთი დიდი სახელმწიფოს მიღება, თანაც ამას ემატება ისიც, რომ თურქეთი მახლობელ აღმოსავლეთს ესაზღვრება და ევროკავშირის საზღვრები, რომელიც დღეს საკმაოდ სტაბილურია, არასტაბილურობის ზონას უახლოვდება.
„ამას ემატება ბოლო პერიოდში შექმნილი სიტუაცია, რომელიც დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება, რაც კიდევ ერთხელ აძლევს საბაბს ევროპულ ქვეყნებს თურქეთი გარკვეულწილად დისტანციაზე დაიჭირონ. განსაკუთრებით ერდოღანთან ურთიერთობაა დაძაბული, რამაც ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი მიაყენა და დღეს საუკეთესო დროებას არ განიცდის," - აცხადებს ის.
რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თურქეთი ევროპასთან ახლოს იყოს?
კაკაჩია აღნიშნავს, რომ ის მოვლენა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყოს, საქართველოზე დადებით ასახვას ჰპოვებს, თუმცა, მისი თქმით, მათზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, - შეგვიძლია ევროკავშირში გასაწევრიანებლად ახალი ალტერნატიული გზები ვიპოვოთ.
„არსებობდა მოსაზრება და 90-იან წლებში საკმაოდ მყარიც იყო, რომ თურქეთი თუ ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოსთვის უფრო ადვილი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ თუ გადავხედავთ დღეს ევროპაში არსებულ ვითარებას, ეს ორი მხარე ერთმანეთს საკმაოდ დაშორდა.
„ჩვენ ამ სცენარის აღსრულებას არ უნდა დაველოდოთ. ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ამიტომ, საქართველო ფიქრობს კიდევაც სხვა ალტერნატივაზე. თურქეთზე ისედაც არ ვიყავით მუდვივად დამოკიდებული, მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან და სხვა სახელმწიფოებთანაც, - ასოცირების ხელშეკრულება ვისაც აქვს დადებული, რომ ამ კუთხით იაროს თავისი დამოუკიდებელი გზა აირჩიოს.
"ასეთი მოცემულობა, რომ არსებობდეს, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, ხოლო ევროკავშირისთვისაც უფრო ადვილი იქნებოდა გადაწვეტილების მიღება საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.