პირველად საქართველოში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ ჩატარდა. საერთაშორისო ფორმატის ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.
ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ შშმ პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციას, მათ დასაქმებას, განათლებას, უფლებების დაცვას და ხელოვნებასა და სპორტში სრულ ჩართულობას ემსახურება. ფესტივალის მიზანია ნიჭიერების პოპულარიზაცია და ახალი სახეებისა და პროდუქტის შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ - ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რაც ფესტივალს აძლიერებს და მეტად მნიშვნელოვანს ხდის ეკლესიის ჩართულობას შშმ პირთა ცხოვრებაში.
ფესტივალის დამფუძნებელი „განსაკუთრებული ჟურნალი“ და ააიპ „სოციალური საწარმო ,,განსაკუთრებული ჟურნალია“.
როგორც „ივერია - ბრილიანტის“ დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ევროპა 2014 წლის 5 მაისიდან ყოველწლიურად, გრანდიოზულად აღნიშნავს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას საქართველო პირველად შეუერთდა.
„ფესტივალის ძირითადი მიზანი და ამოცანა იგივე რჩება - შშმ პირთა რესოციალიზაცია და აინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ხელოვნების სფეროებში, ნიჭის აღმოჩენა და შემდეგ მათ რეალიზაციაში ხელშეწყობა. ასევე უცვლელია სლოგანი - ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევრო ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს! პირველად, საქართველომ სახელმწიფო დონეზე გააკეთა განაცხადი ევროპასთან მიმართებაში და შეუერთდა ევროპაში დამოუკიდებელი ცხოვრების დღესსთან დაკავშირებულ ინიციატივას, რისთვისაც მადლობას მოავხსენებთ ქუთაისის მერიას და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის მრჩეველს, ბატონ სიმონ პეტრიდისს“, - ამბობს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
11 წლის ლუკა მარგველაშვილი ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია. დედა, მარიამ ქოქოსაძე ამბობს, რომ ,,ივერია ბრილიანტმა" ლუკას შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ნიჭი გამოევლინა და თავისი მაგალითით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.
,,ემოციურად დავიტვირთეთ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო განცდა, რაც ფესტივალისგან მივიღეთ. ლუკამ და ჩაბან მამედოვმა გრანპრი აიღეს და ძალიან გაგვახარეს. გარდა იმისა, რომ ფესტივალი მათ აძლევს კარგ გამოცდილებას და საკუთარი თავისადმი რწმენას მატებს, დიდი სტიმულია მშობლებისთვისაც, რომ ამ ბავშვებმა შეუძლებელი შეძლეს, არიან წარმატებულები და მეტი შედეგის მისაღწევადაც იბრძოლებენ. ლუკა ჯერ მხოლოდ 11 წლისაა. ძალიან უყვარს სიმღერა. მისი მოწოდებაა, რომ გახდეს მამაო, 3 წლიდან ამაზე ოცნებობს. მინდა იყოს ჯანმრთელი და ემსახუროს ხალხს და ქვეყანას, მე მჯერა მისი. მიმაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა ლუკასთვის და ჩვენთვისაც ყველაზე მთავარია. ლუკას წარმატებაში ძალიან დაგვეხმარა ,,ივერია ბრილიანტი", რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა. ცხადია, არა მარტო შშმ პირებისთვის, ზოგადად საზოგადოებსითვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რათა დაინახონ და აღიქვან მათი შესაძლებლობები და მოტივაცია, რაც ამოძრავებთ. ჩემთვის ერთი ასეთი მაგალითია უსინათლო ბიჭი შაბან მამედოვი, გამართულად ლაპარაკობს 4 ენაზე, საოცარი სისწრაფით ისმენს ინფორმაციას და უნიჭიერესი ახალგაზრდაა. შაბანმა არაჩვეულებრივად იცის ქართული ლიტერატურა და იმედია ყველა ადამიანისთვის, რომ წარმატების მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია", - აღნიშნა მარიამ ქოქოსაძემ.
ფესტივალის დასასრულს, უკვე თბილისში დაბრუნებული სტუმრების და მასპინძელთა ნაწილი სუმრად მიიღო ლადო კახაძემ, რომელიც დიდი ხანია, შშმ პირთა პრობლემებზე ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად მუშაობს.
ნუგზარ ჭიაბერასვილის ინფორმაციით, ფესტივალის გამარჯვებულთაგან უკრაინელმა პარტნიორებმა ოთხი ადამიანი შეარჩიეს: ლუკა მარგველაშვილი, შაბან მამედოვი, მონიკა ახვლედიანი და მარეხი მურღულია, რომლებიც გაემგზავრებიან უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ახორციელებს შშმ პირთა ყველაზე წარმატებული უკრაინული ორგანიზაცია „გოოოოპ“, ხელმძღვანელი დიმიტრი შვეცი.
,,ეს ორგანიზაცია ჩვენი საუკეთესო პარტნიორია და ვამაყობთ მათი საქმეებით. თუმცა, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ჩვენი ორგანიზებითა და შესაძლებლობებით კიდევ ბევრი გაემგზავრება დღესასწაულად ქცეულ ფესტივალ-კონკურსებზე“, - განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
