(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ხვალ ჩავა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ Наш-ზე ჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია.
2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც მან 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.
იმედინიუსი