
16 წლის ბიჭის საქმეზე, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავეს. ქვემო ქართლის პროკურატურაში ამოცნობის პროცედურა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"გორის ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ.ქ-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, უხეში მოპყრობა და ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც არასრულოვანი თ.ა, გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი. დავაკავეთ კ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 10 წლამდე" - აღნიშნა პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.
16 წლის ბიჭის ინფორმაციით, ის ოქტომბერში ქურდობის გამო დააკავეს, სამართლადამცავები კი, აღიარებითი ჩვენების და მოპარული ოქროს ნივთების შენახვის ადგილის დასახელებას თხოვდნენ. მისივე თქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება.