(რეზონანსი) დავით გარეჯში საპროტესტო აქციის მონაწილეებს გურამ ფალავანდიშვილმა მიმართა და ილია მეორის თხოვნა გადასცა. მისი თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აქცია დაიშალოს.
ამ მიმართვას აქციის ერთი ნაწილის საპროტესტო შეძახილები მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, ჩიჩხიტურის კოშკიდან აქტივისტების უმრავლესობა დაიძრა.
ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანი აქცია ფაქტობრივად, მშვიდობიანად დასრულდა.
დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოს 9 ეპარქიის წარმომადგენელბის მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა.
მასთაბური აქციის ჩატარების მიზეზი, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.
ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე კომისია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად 23 მაისს შეიკრიბა.
საკითხის გააქტიურება საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს და შესაბამისი მოთხოვნის დაყენებას მოყვა.
დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები 25 მაისს განახლდა.