თამთა ჩაჩანიძე
28.05.2019

 ჰამბურგის საზღვაო კანონმდებლობის საერთაშორისო ტრიბუნალმა „ქერჩის ინციდენტზე" მიიღო გადაწყვეტილება. ტრიბუნალის თავმჯდომარემ ინ-ჰიუნ პაიკმა განაცხადა რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაპატიმრებული 24 სამხედრო მეზღვაური და 3 სამხედრო ხომალდი.

„დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს რუსეთმა უკრაინას სამი გემი, გაათავისუფლოს მეზღვაურები და მიეცეთ მათ უკრაინაში დაბრუნების საშუალება", - აცხადებს ტრიბუნალის თავმჯდომარე.

საზღვაო საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას კრემლი მკაცრი პოზიციით გამოეხმაურა, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი იგივე პოზიციაზეა.

„კრემლი პოზიციას არ შეცვლის, „საზღვრის უკანონო დარღვევის ფაქტზე" გამოძიება უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც გაიმართება სასამართლო და სასამართლო გადაწყვეტს დაკავებულ უკრაინის მეზღვაურთა ბედს" - განაცხადა პესკოვმა

მანამდე, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დაკავებული მეზღვაურების საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ „უკრაინელი მეზღვაურებისა და სამხედრო გემების გათავისუფლება, შესაძლოა იყოს რუსეთის ხელისუფლების პირველი სიგნალი იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა შეწყვიტოს უკრაინასთან კონფლიქტი."

მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ, საზღვაო საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც ქერჩის სრუტეში უკანონოდ დაპატიმრებული მეზღვაურების გათავისუფლებასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვაო სამართლის ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია ე.წ "ქერჩის ინციდენტთან" დაკავშირებით, ხოლო 6 მაისს კი რუსეთმა საერთაშორისო ტრიბუნალს შეატყობინა, რომ ის აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდა

რუსი წარმომადგენლის არყოფნის გამო, საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა საქმის განხილვა დროზე ადრე დაიწყო, ტრიბუნალმა საქმე უკრაინელი მეზღვაურების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გაცნობებთ, რომ გასული წლის 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში რუსმა მესაზღვრეებმა 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო ხომალდი დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ისინი სამხედრო ტყვეებად აღიარონ.

ქერჩში განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოჰყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×