
18 წლის არჩილ გვასალიამ ამერიკელი თანატოლები ქართულად აამღერა. საქართველოს ჰიმნი ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად შეასრულა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უამრავმა ინტერნეტმომხმარებელმა აიტაცა.
ფოთელი არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება. ის წარმატებული მოსწავლეა. როგორც არჩილის დედამ ნონა ხუხიამ აღნიშნა, მას შემდეგ რაც არჩილმა ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა, სკოლის გუნდს გაუჩნდა სურვილი, რომ საქართველოს ჰიმნი მასთან ერთად ემღერა.
"ეს იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც მან ამერიკის ჰიმნი შეასრულა. უთხრეს, ახლა ჩვენ ვიმღერებთ თქვენს ჰიმნსო და ერთობლივად მოამზადეს ყველაფერი. თანაც სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებკლობის 101-ე წლისთავს. გუნდს აქვს ძალიან დიდი სურვილი, იმღეროს საქართველოში. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, რომ მომავალ დამოუკიდებლობის დღეს ჩამოვიდნენ და აქ შეასრულონ " - განუცხადა "ამბებს" ნონა ხუხიამ.