
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გუშინ გულის უკმარისობის დიაგნოზით, "ჯოენის კლინიკაში" გარდაიცვალა. მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში დედა და შვილი თავს კარგად გრძნობდნენ. როგორც ნინი ჯაფარიძის მეგობარი აცხადებს, ნინის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გარდაცვალება თანდაყოლილმა გულის მანკმა გამოიწვია.
"ძალიან კარგად ჩაიარა ოპერაციამ. გაჩნდა პატარა ბარბარე, სრულიად ჯანმრთელი და დედაც კარგად გრძნობდა თავს ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა მისი მდგომარეობა, გულის უკმარისობა დაეწყო და გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ ორი დღე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ. გუშინ კი "ჯოენის კლინიკაში" გადაიყვანეს. ნინის ჰქონდა თანდაყოლილი გულის მანკი და ამან დაამძიმა მისი მდგომარეობა. ყველანარი მკურნალობა სრულყოფილად ჩაუტარდა. ბარბარე სახლშია უკვე და თავს კარგად გრძნობს. ნინისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო", - აცხადებს "ამბებთან" გარდაცვლილის ახლობელი.
ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა. "არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს საშინელი ტკივილი, რაც ამ ამბავმა თითოეულ ჩვენგანს მოგვაყენა, ვერ ვიჯერებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადამიანი, რომელიც "ბიბლუსის" ხალისი იყო, ადამიანი, რომელიც ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულად უყვარდა. ხანდახან დღის ბოლოს ენერგია გამოცლილი მას რომ შევხედავდი, სულ ხალისიანი და თვალებმოციმციმე იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების ასეთ სიყვარულს", - აცხდებს "ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი.