თამარ შუკვანი
27.05.2019

 კრემლი, მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა, მაინც შეძლებს ევროპაზე „ენერგეტიკული შანტაჟის" ბერკეტის მიღებას - გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია. რუსული გაზის ევროპაში ექსპორტი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხდეს, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რაც რუსეთს სრულად გაათავისუფლებს უკრაინაზე დამოკიდებულებისაგან. ხოლო უკრაინამ შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია მთლიანად დაკარგოს.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2," რომლის მშენებლობაც 2012 წლიდან დაიწყო და 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებაზეა გათვლილი, მომგებიან პროექტს წარმოადგენს, - ნავარაუდევია, რომ ის გაწეულ ხარჯებს 9 წელიწადში აანაზღაურებს. რუსეთმა თავისი მაინც გაიტანა და დღეს უკვე პროექტის 50%-ზე მეტი შესრულებული აქვს, - „ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 1 290 კილომეტრიანი ნაწილი - სრული პროექტის 52,6%," - აცხადებენ "გაზპრომის" ხელმძღვანელობაში.

უკრაინამ ევროკავშირს პროექტის დაბლოკვა არაერთხელ სთხოვა, რასაც მხარს სხვადასხვა ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი და აშშ უჭერდნენ. ამერიკის ხელისუფლება დღესაც ემუქრება პროექტის მონაწილეებს სანქციებით.

ძირითადად ვინ ლობირებს პროექტს და ვინ არის წინააღმდეგი? ამ პროექტის შესრულება რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას შექმნის და უკრაინისთვის რა შედეგის მომტანი იქნება? ამ საკითხებთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის გაზზე გადასვლა ევროპას, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქცევს, ხოლო უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია გაქრება. მისი თქმით, ეს პროექტი, როგორც რუსეთის ინტერესს, ასევე გერმანიის ინტერესებსაც შეიცავს.

„ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც რუსეთი ევროპის მიმართულებით ახორციელებს. ამ პროექტის გაყვანა, დამატებით, ევროპისათვის სამხრეთ ნაკადთან ერთად, წელიწადში 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც, ფაქტობრივად, ევროპის სრულ ბლოკადაში მოქცევას გამოიწვევს, - მისცემს საშუალებას, რომ უკრაინა სატრანზიტო პოტენციალისაგან „ჩახსნას."

„ბუნებრივია, რომ ეს ალტერნატიული ვარიანტია, რომელსაც რუსეთი აპირებს; პირველ რიგში, გერმანიას მიაბამს და შეეცდება რუსეთის გაზთან მიმართებაში ენერგეტიკული ჰაბი გახადოს" - აღნიშნავს ის.

ამ პროექტს მაისაია ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებს და აცხადებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის განხორციელება, რუსეთის გავლენებს ევროპაში და კერძოდ გერმანიაში, სერიოზულად გაზრდის.

„გაზპრომს" თავისი სპეცსამსახური ჰყავს, რომელიც რუსული კანონმდებლობითაა მიღებული და რუსეთისთვის, ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი აქტორი, რომლის მეშვეობითაც, გერმანიაში "გაზპრომის" შესვლა და გაძლიერება ხდება, რუსეთი შეეცდება უშუალოდ მოიყვანოს ხელისუფლებაში ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უფრო პრორუსულ პოლიტიკას გააძლიერებს, რაც შემდეგ შეიძლება საფრანგეთს გადაედოს," - აცხადებს ის.

მაისაია იმ სახელმწიფოებს ასახელებს, რომლების ამ პროექტს ლობირებენ; იგი იმ ფაქტორებზეც საუბრობს, რომლის გამოც ზოგიერთი ქვეყანა არჩევანს რუსულ გაზზე აკეთებს. მისი თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის განხორციელება უკრაინაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მოპოვება იქნება რუსეთისთვის.

„ეს უკრაინაზე იქნება ზეწოლის საკმაოდ მძლავრი ბერკეტი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ამერიკელებს კონკურენტუნარიანობიდან ამოაგდებს - თხევადი გაზის ტექნოლოგიების სისტემა გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ბუნებრივი აირის გაზი და რუსეთს შეუძლია რუსულ გაზზე ფასი დააკლოს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს, ფაქტობრივად, ევროპის მიმართულებით არის ჰიბრიდული შეტევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×