ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და წინასწარი მონაცემებით, ორმა მთავარმა ცენტრისტულმა ბლოკმა დაკარგა პოზიციები, ევროსკეპტიკოსმა ულტრამემარჯვენეებმა და კონსტერვატორებმა - გაიუმჯობესეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტში მომდევნო 5 წლის განმავლობაში უმრავლესობაში მყარად, 2/3-ით ისევ ერთიანი ევროპის მომხრე ძალები იქნებიან.
წინასწარი შედეგებით, ევროპარლამენტის 751 მანდატიდან ყველაზე მეტი - 180 მანდატი „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) აიღო, რომელიც მემარჯვენე-ცენსტრისტულია და წინა, 2014 წლის არჩევნების მსაგვსად, ისევ პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, წინა შედეგთან შედარებით 41 მანდატი დაკარგა.
მეორე ადგილზე ისევ „სოციალ-დემოკრატები" (S&D) გავიდნენ დაახლოებით 145 მანდატით. მათაც წინა არჩევნებთან შედარებით 40-ზე მეტი მანდატი დაკარგეს.
მესამე ადგილს 109 ხმით იკავებს „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი" (ALDE). ლიბერალების ამ ალიანსმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის მიერ მიღებული ხმების ხარჯზე დაახლოებით 42 დეპუტატით მეტი ეყოლება, ვიდრე წინა პარლამენტში.
მანდატები 50-დან 69-მდე გაზარდა მწვანეების და ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფმა (Greens/EFA).
როგორც Reuters წერს, პროევროპულმა პარტიებმა პარლამენტში ორი მესამედი მოიპოვეს, თუმცა, ამავე დროს ულტრამემარჯვენეებისა და ნაციონალისტების რაოდენობა გაიზარდა და ისინი ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე, ნაციონალისტური, ანტიევროპული დეპუტატების რაოდენობა ევროპის პარლამენტში 78-დან 108-მდე გაიზრდება, რასაც დაემატება უფრო ზომიერი ევროსკეპტიკოსების 71 ხმა. ჯამში 179 ულტრამემარჯვენე და კონსერვატორია ევროპარლამენტში.
ევროსკეპტიკოსები სულ 4 ფრაქციით არიან წარმოდგენილები, მათ შორის 21 ადგილით მეტი მოიპოვა და 58 მანდატით იქნება წარმოდგენილი „ერების და თავისუფლების ევროპა," (ENF) სადაც შედის ფრანგი ნაციონალისტის მარინ ლე პენის პარტიაც. ასევე 59 მანდატი აქვს „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტთა" ჯგუფს (ECR). 13 მანდატით მეტი ერგო და 54 დეპუტატი ეყოლება ფრაქციას „ევროპა თავისუფალი და პირდაპირი დემოკრატიისთვის" (EFDO) და უპარტიოთა ფრაქციას - 8 მანდატი.
ქვეყნების მიხედვით კი შედეგები ასეთია: ევროსკეპტიკოსმა ნაციონალისტებმა იტალიასა და საფრანგეთში გაიმარჯვეს. საფრანგეთში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ პრეზიდენტ მაკრონის პროევროპულ პარტიას გაუსწრო და 24%-ით პირველი ადგილი დაიკავა; ლეპენის პარტია ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE) შეურთდა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი იქნება.
დიდ ბრიტანეთში გაიმარჯვა ევროსკეპტიკოსმა, ახლადჩამოყალიბებულმა ბრექსიტის პარტიამ ნაიჯელ ფარაჯის ხელმძღვანელობით, რომელმაც ხმათა 32% დააგროვა; უნგრეთში პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესმა", რომელიც ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გამტარებელია, ხმათა უმრავლესობა - 52% მიიღო. იტალიაში წარმატებას მიაღწია შს მინისტრის, მატეო სალვინის ულტრა-მემარჯვენე პარტიამ ხმათა 30%-ით; ავსტრიაში სებასტიან კურცის პარტია ლიდერობს 34,5 %-ით; საბერძნეთში პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ახალი დემოკრატია" და მათ აიძულეს პრემიერი ალექსის ციპრასი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.
მართალია, მემარჯვენე ნაციონალისტების და ევროსკეპტიკოსების რაოდენობამ ევროპარლამენტში მოიმატა, თუმცა იმდენად არა, რომ სერიოზული გავლენა მოახდინონ მაგალითად ევროკომისიის ფორმირებაზე.
ახლა ევროპარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, რისთვისაც სულ მცირე 376 დეპუტატია საჭირო. ბოლო 40 წლის განმავლობაში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა და მემარცხენე ცენტრისტულმა ბლოკებმა ერთობლივი უმრავლესობა დაკარგეს.
თუმცა, მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია" კვლავ რჩება ყველაზე მსხვილ ბლოკად და როგორც ევროპელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული ბლოკი ჩამოაყალიბებს პროევროპულ კოალიციას. ახალ ბლოკში კი დიდი ალბათობით იქნებიან: ევროპის სახალხო პარტია (180 მანდატით), სოციალ-დემოკრატები (1450 მანდატით), ლიბერალები და მწვანეები (69 მანდატით).
ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 28 ქვეყანაში 23-26 მაისს გაიმართა, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და 50%-ს გადააჭარბა.