(რეზონანსი) ლაგოდეხის ნაკრძალში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის მოზარდი, ოფიციალური ვერსიით, მდინარეში ჩავარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისგან განსხვავებული ვერსია აქვს ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორს გიორგი სულამანიძე. როგორც ის აცხადებს, გოგონა მდინარეში ბანაობდა.
"გოგონა რომ მდინარეში ბანაობდა, მე ეს ინფორმაცია მაქვს მისი თანაკლასელებისგან. გუშინ დავეხმარე, რომ თბილისში დაბრუნებულიყვნენ და მათ მითხრეს, რომ ეს გოგონა ბანაობდა, ხტებოდნენ ქვევიდან, არამარტო ეს გოგონა, არამედ სხვა ბავშვებიც ბანაობდნენ.
მინდა გითხრათ, რომ მასწავლებლებს ადმინისტრაციისთვის არ მოუმართავთ, პირდაპირ მივიდნენ იმ ლოკაციაზე. ჩვენ იმ ლოკაციაზე გვყავს რეინჯერი, რომელმაც მათ უთხრა რომ მდინარის დონე მომატებულია და ბილიკებს არ ჰქონდა ხიდები და გამოცდილი გიდის დახმარებაც შესთავაზა. მაგრამ მიიღო უარი, მას უთხრეს რომ სამი მასწავლებელი იყო და ექიმიც ჩვენთან ერთად არისო. ჩვენ გუშინაც და გუშინწინაც დიდი მომართვიანობა გვქონდა ექსკურსიებისგან, თუმცა ვინც ჩვენთან მოვიდა, ყველა გავაფრთხილეთ, და ნინოსხევისკენ არავინ არ გავუშვით."- განუცხადა "აიპრესს" გიორგი სულამანიძემ.
დაღუპული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონში" სწავლობა. სკოლის დირექტორი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ "გოგონა, რომელიც ბოტასებში იყო, შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა".
შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.