(რეზონანსი) ლაგოდეხში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები იმ პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, ვისაც მათი თქმით, ექსკურსიაზე წაყვანილ ბავშვებზე ზრუნვა ევალებოდათ.
„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა,"-ამბობს გარდაცვლილის და.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მოსწავლეები მდინარეში საცურაოდ შევიდნენ, რა დროსაც გოგონა მორევში მოხვდა.
„მორევიდან კლდის ქვეშ გაუჩინარდა და მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ეტყობა იმდენად ძლიერი დინება იყო და ისეთი მორევი იყო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა თავის დაღწევა", - განაცხადა სულამანიძემ.
გარდაცვლილის ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.