(რეზონანსი) ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ბატონი გვარამია, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მივიღებთ და შევასრულებთ ყველა გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2"-ზე მიიღებს", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ნიკა გვარამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ლადო ჭანტურიას „რუსთავი2"-ის საქმიდან აცილებას მოითხოვს.
გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სტრასბურგში საქართვლოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს, როგორ უნდა იმოქმედოს „რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით.