სომეხი ოლიგარქები ყარაბაღელი სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. შეთქმულებს გასულ კვირას საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქის კერძო სახლში, სადაც „დაიფიცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლების დასამხობად“. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ჟამაკანი“ წერს.
ამავე წყაროს ცნობით, შეთქმულების ორგანიზატორი გახლავთ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის არმიის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი სამველ კარაპეტიანი. სომხური გაზეთი შეთქმულთა საიდუმლო შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს ასახელებს - ყოფილ პარლამენტარსა და ამჟამად ბიზნესმენ სამველ ალეკსანიანს.
კონკრეტულად რა გეგმა აქვთ შეთქმულების მონაწილეებს და როგორ აპირებენ მის განხორციელებას - ამის შესახებ „ჟამაკანი“ არაფერს წერს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა გენერალმა კარაპეტიანმა, რომელიც პრემიერ პაშინიანის წინაღმდეგ შეთქმულების არსებობას და ამ შეთქმულებაში მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მისი შეფასებით, ეს ინფორმაცია „სისაძაგლე და დეზინფორმაციაა“.
გენარალი კაპატეტიანი თანამდებობიდან 2019 წლის აპრილში გადადგა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში სომხეთის საგამოძიებო ორგანოები 2008 წელს ერევანში ოპოზიციის მიტინგის დარბევასა და ამ დარბევაში ყარაბაღული სამხედრო შენაერთების მონაწილეობას იძიებდნენ.
სომხეთსი სამხედრო გადატრიალების შესაძლო მომზადებაზე მინიშნება რამდენიმე დღის წინ თავად პრემიერმა პაშინიანმაც გააკეთა. 20 მაისს მან განაცხადა, რომ ოპონენტების მის წინააღმდეგ ყარაბაღში „სიცრუის პროპაგანდას“ ეწევიან, რომლის მიზანიც „სომხეთისა და ყარაბაღის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაა“.