(რეზონანსი) კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ტრაგედიით შეძრულები არიან. 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცველებმა შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული.
მ.შ-ს ახლობელი აცხადებს, რომ გოგონა ბავშვს კარგად ექცეოდა და სავარაუდოდ, არც მეუღლესთან ჰქონია კონფლიქტი:
"არ ვიცით რა მოხდა და ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს! კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, არც ეტყობოდა. ჩვეულებრივი ოჯახი იყო.
ბავშვის გარდაცვალება მამისგან გავიგეთ. ის გოგონას ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, ბავშვი გარდაცვლილია და მეუღლეს ვერ ვპოულობო. მეტი არაფერი ვიცოდით, დღეს გავიგეთ, რაშიც ედება ბრალი" - ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ახლობელი.
კითხვაზე, რატომ დაუშვა ოჯახმა არასრულწლოვანის დაოჯახება და ხომ არ ჰქონდა გოგონას კონფლიქტი საკუთარ ოჯახში, დეტალებზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს:
"ოჯახმა არ იცოდა გათხოვებას თუ აპირებდა, რომ გაიგეს შეეგუვნენ, დაფეხმძიმდა და ოჯახი ბედნიერი იყო. მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რატომ დაუშვეს არასრულწლოვნის გათხოვება და მშობიარობა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მას პრობლემები არც საკუთარ ოჯახთან ქონია, შეიძლება იყო კამათი, როგორც ყველა მოზარდს აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი გამიგია" - განაცხადა დაკავებულის ოჯახის ახლობელმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.