რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) სამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

უწყების ინფორმაციით, ტურისტები თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×