(რეზონანსი) საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე, 32 წლის შალვა ქათამაძე უკვე დააკვა. ქეთი სუთიძე სამართალდაცველებმა ათენის გარეუბანში, სახლში გარდაცვლილი 15 მაისს იპოვეს. მას ყელზე ნაჭდევები აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ქამრით არის გაგუდული, ნივთმტკიცება საწოლის ქვეშ იპოვეს. სამართალდამცვეებმა გაუჩინარებული გოგონას ძებნა ახლობლების განცხადების საფუძველზე დაიწყეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. AMBEBI.GE გარდაცვლილის დის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, შალვა ქათამაძე გუშინ საბერძნეთის პროკურატურაში დაკითხვაზე ჰყავდათ.
"ამ ეტაპზე ცნობილია დამნაშავედ, თუმცა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ადრე არ ჰყვებოდა, არავინ იცოდა რა ხდებოდა ოჯახში და ვერავინ ატყობდა. ამ ბოლო დროს გვიყვებოდა, ქორწილის წინა დღესაც უცემია, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაშინაც მაგრად უცემია. მის ტყუპის ცალს არაფერს უმხელდა, სანამ გაუსაძლისი მდგომარეობა არ შეექმნა. უკან ვერ გაბრუნდა ბავშვების გარეშე. სიკვდილი მირჩევნია მათ დატოვებასო და ფაქტი სახეზეა. მულმა წიხლი დაარტყა, სურათიც გვაქვს, როგორ აქვს თვალი დალურჯებული, დევს ეს საქმე პოლიციაში... მე ვთხოვე, რომ საჩივარი შეეტანა. ერთი წლის დაშორებულები იყვნენ ოფიციალურად, მაინც ცემაში ჰყავდა. უვარდებოდა სახლში, ქუჩაშიც ხვდებოდა და შეშინებული სახით გამოდიოდა, ადასტურებენ ბერძნებიც" -აცხადებს ჩვენთან საუბარში ქეთი სუთიძის დის დედამთილი.მისი თქმით, ბავშვები მამის თანხმობის გარეშე საქართველოში ვერ მოჰყავდა, ამიტომ წამოსვლას ვერც ქეთი ახერხებდა. ამჟამად ოჯახი აპირებს, ადვოკატი აიყვანოს და მეურვეობა მათ მიიღონ.
ქეთი სუთიძეზე რომ მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა, ამას გარდაცვლილის მეგობრებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ქეთი სუთიძე შეურაცხყოფას ბავშვების გამო ითმენდა.
(ამბები.ჯი)