(რეზონანსი) ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა. ეს დღეს, 18 მაისს, მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა სკანდალური ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობდა ის “რუს ინვესტორს” სახელმწიფო კონტრაქტებს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა. კადრების გამავრცელებელია ორი გერმანული გამოცემა – “შპიგელი” და “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” – რომელთა თანახმადაც, ვიდეო ავსტრიის არჩევნებამდეა ჩაწერილი.
საერთაშორისო მედიის თანახმად, კადრების გავრცელების შემდეგ, 17 მაისის საღამოს, ავსტრიის კოალიციური მთავრობის საკვანძო წევრებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 მაისს კი, ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის ბრიფინგია ჩანიშნული, რომელზეც ის, სავარაუდოდ, კადრებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. სამთავრობო წყარომ შტრახეს გადაგომამდე “როიტერსს” უთხრა, რომ კურცი უკვე გამორიცხავდა თანამშრომლობის გაგრძელებას მასთან.