(რეზონანსი) საბერძნეთის ქალაქ ათენის გარეუბანში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი წარმოშობით ქუთაისელი, 29 წლის ქეთი სუთიძეა. ქეთის ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა - 6 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლე - 32 წლის შალვა ქათამაძეა.
როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად ერთი წლის წინ დაშორდა.
ქეთის მეგობარის თქმით, შალვა ქათამაძე მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე განქორწინების შემდეგ.
„არავინ იცოდა ქეთის ოჯახში რა ხდებოდა. როცა გაუსაძლისი პირობები შეექმნა მის ტყუპისცალს შეატყობინა მხოლოდ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მისი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა. ქეთი ბავშვების გამო ითმენდა ყველაფერს. შანსი რომ მიეცა საბერძნეთში წამოვიდნენ ოჯახით, დაძაბული ურთიერთობა რომ დაეწყოთ. ქეთის მულიც და დედამთილიც საბერძნეთში იმყოფება. დაახლოებით, ერთი წლის წინ საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალურად დაშორდნენ. ამის შემდეგ თავს მაინც არ ანებებდნენ და ებრძოდნენ. ორი თვის წინ, ქეთიზე ყოფილმა მეუღლემ და მულმა ფიზიკურად იძალადეს. პოლიციას მიმართა და განცხადებაც დაწერა, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან და-ძმა მიიმალნენ", - ამბობს ქეთის მეგობარი "პრაიმტაიმთან"
ქეთი სუთიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ახლობლებს დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ ყოფილმა დედამთილმა შეატყობინა. გარდაცვლილის მეგობრის თქმით, სახლში პოლიციის დახმარებით შევიდნენ.
„სანამ ჩვენ არ ავწრიალდით, არაფერი მოიმოქმედა ქეთის ყოფილმა ოჯახმა. ჩვენ განვაცხადეთ პოლიციაში. დედამთილს დავურეკეთ და ვუთხარით: ასე რამ გაგამწარათ, ძებნა რომ არ დაუწყეთთქო და გვიპასუხა - იგი მკვდარია, თორემ კესოს არ დატოვებდაო" - ამბობს ქეთის მეგობარი.
ქეთი სუთიძის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე საბერძნეთის პოლიციამ უკვე დააკავა. არსებული ცნობით, დაკითხვაზე იმყოფებოდა ასევე, ქეთი სუთიძის ყოფილი მულიც.
ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს" აწვდის ფოტო-მასალა, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ არის გადაღებული და რომელიც ქეთი სუთიძის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულება საბერძნეთის პოლიციასაც გადაეცა.
პრაიმტაიმი